Tuesday, September 16, 2025

ღრუბლებს, რომლებიც ჩემს სამშობლოს ტოვებენ ნელა,

ცის ბილიკებით, 

იქნებ, შენთან მოაქვთ ჩემი სუნთქვა,

მიწის ფიქრები.


I'm dropping into your blossoms...

Wednesday, September 21, 2022

ძვირფასო წყალო

 https://www.youtube.com/watch?v=_I8sjkp_tIM

ძვირფასო წყალო, 

ხშირად ვფიქრობ, რომ მოვდივარ შენთან და ჩემი თმები გიყვებიან ჩავლილ დღეებზე. 

ჩავლილ ამბებს.

ამდენ დაგროვილ სათქმელს.

უთქმელს.

გაფრენილს.


ვწევარ ზედაპირზე და ვფიქრობ, რომ ყველას თავისი განსაწმენდელი წყალი აქვს, ალბათ და მე ბედნიერი ვარ, რომ გიპოვე.


ძვირფასო წყალო, 

ასეულობით დღეებში უამრავმა ამბავმა ჩაიარა და გადაიარა.

მე კი მძიმე მომენტებში ისევ ისე ვდგავარ შენს კიდესთან და ზუსტად ვიცი, როგორია შენს ნაპირებთან მშვიდი სუნთქვა.


ძვირფასო წყალო,

მოვალ.



Thursday, November 25, 2021

გზა ფიქრით გაილევაო

      https://www.youtube.com/watch?v=l0Woa6p4xkw

   მთების გზებს სჩვევიათ ფიქრებით დახუნძვლა. ან იქნებ, გზებს - ზოგადად.. თითქოს, ფიქრების მთელი ზვინებია გზად და შენ უცებ გვერდით გაედები, ფეხს წამოჰკრავ და აგორდებიან კენჭები ფერდებად, ნაშალებად და ზვავებად... აღარ დაგეხსნებიან, მოდიან და მოდიან. მარტოს არ გტოვებენ, იციან, ზოგი ბილიკი ისეთია, მარტო არ დაიტოვები.

   და შენც მიდიხარ ფიქრაკიდებული, თავფიქრმოხვეული. გზაც კარგავს თავის მატერიალურ მნიშვნელობას...

   ზოგი გზა საკუთარი არსებობის მომენტიდანვე გახსოვს, მოსახვევებით ცნობ, ხეებით ცნობ, ბუჩქებს ესალმები, წყაროს ელოდები... და გახსენდება წინებზე ჩამოვლილი შენი თავი, სულ სხვა ფიქრებით, სულ სხვა ადამიანებით, სულ სხვა დროში... 

   ერთ მოგონებას მეორე მოჰყვება და ასე ასოციაციების მძივებით ასხმული მიაბიჯებ თან ძველ და თან სულახალ გზაზე.

   საიდანღაც წინა ცხორებაში ჩამომჯდარი მე დაგიქნევს ხელს, როგორ ხარო, რას აკეთებო, ისევ ისე ხარო? რანაირი გამხდარხარ... ძლივს გიცანი, გამომხედე ერთი, გამიხსენეო...

   სხვა ადგილას, სულ სხვა მე შემოგხედავს და გკითხავს, შენ ვინ ხარო?

   წყაროსთან პეშვით წყალს მოგაწვდის ვიღაც და იტყვი, როგორი ჩემნაირი ხელები აქვსო... წარსულის სამაჯურებით.

   ფიქრობ და ფიქრობ. 

   ზოგი გზა ისეთია, გინდა, რომ დამთავრდეს და არ მთავრდება... უცებ ის ფიქრი აგეტორღილება, ადრეც ეგრე იყავი და შეხედე, იმ მოსახვევში ვინ შემოგხვდაო. ეგერ, ისევ ისე დგახართ და ლაპარაკობთ მხოლოდ იმით გახარებულები, ერთმანეთი რომ დაინახეთ და ამდენი დღის ნაგროვები რომ დაახვავეთ ერთმანეთს და გულიანად იცინით მას მერე ამ ადგილას და ვინ იცის, იქნებ ამ ადგილიდან არც არსად წასულხართ და თქვენი გულიანი სიცილი პერიოდულად გაჰკვეთს მთებსა და ხეობებს ცივთოვლიან მდუმარებებში. 

   ფიზიკური დაღლაც ფიქრად მოვა, მაგრამ ცდილობ გონების თვალით გაიხსენო წინ რა დარჩა... იმ ქედს ჩაივლი, კიდევ ბევრს ივლი გაუცინარ და თან ამავდროულად ყველაზეკეთილ მესაზღვრეებამდე, ხიდზე გადახვალ, კიდევ ბევრს ივლი და გზის ბოლოს შენი ადამიანები დაგხვდებიან, დაღლილს ჩაგიხუტებენ, თბილ ჩაის დაგალევინებენ, ზამთრის ამბებს მოგიყვებიან მთებგადმოვლილ არახევსურ, მაგრამ მაინც მათ მთის ქალას...

   ზოგი გზა კი ისეთია, სულ რომ მიდიხარ გონებით, სულ რომ გინდა გაიარო და კიდევ ერთხელ შეხვდე ხის საცალფეხო ხიდის წყაროსთან ჩამომსხდარ ორთას, წყალი დალიო და ჰკითხო, როგორ ხართ სხვა ადამიანებო? მომავლიდან ვარ და გაინტერესებთ რამეო? დაბინდებულზე შეუყვე ქუხილიანი ტყის ბილიკს და იცოდე, რომ არაფერია საშიში, სანამ შიშს ფიქრად არ დაინახავ, არ გამოძერწავ და ბატონობის უფლებას არ მისცემ.

   ....................................

   ბილიკები ბევრია, მათ შორის ბევრიც ისეთი, სულ რომ გღლის, სულ რომ რთულია, სულ რომ ბოლოშიროდისმივალ გეფიქრება, მაგრამ სულ იცი, რომ მაინც გიყვარს, ყველაზე რთულ და დაქანცულ მომენტებშიც რომ არ წაგცდება, ნეტა, არ არსებობდესო, რადგან უკიდურესი გადაღლების მომენტებშიც თუკი რამე იცი, ისაა, რომ გ ი ყ ვ ა რ ს. შენი ყველა თავი გიყვარს აქ ნამყოფი, ყველაზე გაწვალებული და კბილებშიაღარდაბრუნებისპირობისგამომცრელი - განსაკუთრებით და იცი, ყოველთვის მოხვალ, ყოველთვის მობრუნდები, რადგან საყვარელმა ადგილებმა ძლიერი ძახილი იციან და მიწაც ყოველთვის თავისას მოითხოვს.

მიდიხარ გზაზე და ფიქრობ, ფიქრობ ბევრს და ილევა გზა.. ილევა ფიქრიც... იმ დღის წილი ფიქრი.

და რამდენიც არ უნდა იარო ერთ გზებზე, ის ყოველთვის სხვაა, ყოველთვის სხვა ხარ, რადგან გზა რომელიც გავლილია (სხვის მიერ... სხვანაირი შენის მიერ...) გზა არ არის (ახლანდელი შენ-თვის) და შენ კი წინ გაქვს ყველა ფიქრი, შენი ფიქრი, შენი საფიქრი. 


   ფიქრი გზით გაილევაო.


აგვისტოს ბილიკებიდან

Thursday, November 5, 2020

ანი. ფოთლები. როლები

 რამდენიმე კვირა გვეწვა რეანიმაციაში 29 წლის ანი. მძიმე ტრავმებით. იმდენად მძიმე, რომ 2 კვირა მის გაღვიძებაზე არც გვიფიქრია. ამ დროის მანძილზე ყოველდღე, მინიმუმ 9 ადამიანი ვზრუნავდით მასზე. არაფერი მოჰკლებოდა და არაფერი მიეღო ზედმეტი. მუდმივად ვაკონტროლებდით მის სასიცოცხლო მაჩვენებლებს. ფაქტობრივად, ხელებში გვეჭირა მისი სიცოცხლე. მისი ინტუბირებული, მრავლობითმოტეხილობებიანი, მძიმედტრავმირებული, დამოუკიდებლად ვერ მსუნთქავი და გულისცემებით მოთამაშე სიცოცხლე. ამ პერიოდის განმავლობაში ნელ-ნელა გახდა, ძვლები და ჩალურჯებული ძარღვები მეტად გამოეკვეთა, გადაპარსულ თავზე ძვლის ნაწილის უქონლობასაც მალე შეეჩვია თვალი და არაფერგანსაკუთრებულად იქცა მისი ერთგვარად არამთლიანობა. დღეების გასვლის პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა ერთი აზრი ყველა ჩვენგანში: ანის უნდა გაეღვიძა და გადარჩენილიყო ნებისმიერ ფასად. 

ერთ საღამოსაც თვალები გაახილა და ჩვენს კითხვებზე, თუ როგორ გრძნობდა თავს, მარჯვენა ტუჩის კუთხით გაგვიღიმა. რამდენიმე დღე სულ ეს იყო მისი კომუნიკაცია. ამდენი საძილე საშუალების ორგანიზმში არსებობის გამო კიდურებს ვერ იმორჩილებდა და მთელი სხეული უხტოდა საწოლზე. ვაბამდით. და აღარც გვიღიმოდა.

გაღვიძებიდან რამდენიმე დღეში პალატაში ჩავიყვანეთ, მოსაუბრე, მომღიმარი და ღუღუნახმიანი ანი, რომლის დედასაც მის შეხედვაზე უკვე აღარ სჭირდებოდა რომელიმე ვმდგარიყავით მის გვერდით, რომ არ წაქცეულიყო.

.....

შემოდგომა მიყვარს. ამდენი სიცოცხლისყველაფაზაგავლილი, ულამაზესი, დაძარღვული ფოთლების წელიწადის დრო.  

ხშირად მეფიქრება რომ ადამიანები ყველაზე მეტად ვგავართ ხეებსა და ფოთლებს. სახეობებით, თაობებით, ადგილისა და მშობლების ვერ შეურჩევლობებით, განსხვავებული როლებითა და მნიშვნელოვნებით. საერთოდ, უამრავი რამით.. ნებისმიერი დეტალით, რომელსაც დაინახავ და ჩაუკვირდები. 

....

იქნებ, ადამიანები ჩვენგან დამოუკიდებლად, სრულიად შეუმჩნევლად ვცვლით სხვების ცხოვრებებს. და მთელი ამ ურთიერთგავლენებით დამოკიდებულები ვართ ერთმანეთზე, უხილავი ძაფებით გადაჯაჭვულები. ერთი მთლიანობა. იქნებ, რამდენ, ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანის წვლილით ვაბიჯებთ ჯერ კიდევ ამ მიწაზე, უშუალოდ ჩვენზე რომ იზრუნეს ან ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებზე. სულაც რომ არ ვიცნობთ და წარმოდგენაც კი არ გვაქვს მათ არსებობაზე.

....

რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ჩამიარა ანიმ. დიდ, ფართო ქუჩაში მიაბიჯებდა მეგობრებთან ერთად ხალისიანად. ფეხქვეშ ყვითელი ფოთლები შარიშურობდნენ და ხეებიდანაც ცვიოდა თითო-ოროლა... ჩაიარა და ვერც მიცნო, ცხადია. მხოლოდ რამდენიმე წამით შეყოვნდა მზერით ჩემზე და ქუდი შეისწორა, რომლის ქვეშაც არც ისე რთული შესამჩნევი იყო უსწორმასწორო ფორმის ქალა. 

მე კი გამეფიქრა, რომ სწორედ ეს ჩვენი განსხვავებული დეტალები, თავიანთში ნაგულისხმევი ისტორიებით გვაქცევენ მეტად სრულ ინდივიდებად. 

იქნებ, საჭიროა ნაწილებად დაიშალო, რომ უფრო ჰარმონიულ მთელად იქცე? 

იქნებ, თითოეული ჩვენგან მართლაც ვართ მთელი სამყარო და მისი ყველაზე პატარა დეტალიც ერთდროულად. 

იქნებ, სულაც ანია ჩემი ქვეყანა, რომელმაც უამრავი ხათაბალა გამოიარა, მათ შორის ისეთები, რაც არც კი ახსოვს და სრულიად უცნობი ადამიანების დახმარებით დააბიჯებს დღეს მიწის ზედაპირზე დროებით ნაწილაღუდგენელი.

იქნებ, უმეტესობის ცხოვრებისეული ისტორიაც მხოლოდ ეგაა, ფონურ როლებს თამაშობდე  და ტიტრებშიც არ მოგიხსენიებდნენ არსად. 


Monday, October 5, 2020

ჯონი ბიჭ(ებ)ი


https://www.youtube.com/watch?v=Up45lYCCiRU

2019 წლის შემოდგომის მუსიკად, ალბათ, სამუდამოდ დარჩება ეს მელოდია...
და არარსებული კადრები, როგორ ვცეკვავთ შემოდგომის ნარინჯისფერ მზეში ბედნიერი ღიმილებით სახეზე. თვალებდახუჭულები. ძირს ბევრი ფოთოლი ყრია, მუხლებამდე. ჩვენ კი ისევ და ისევ თავიდან ვატრიალებთ მუსიკას.. სანამ ისმის - ნებადართულია ვიყოთ ნამდვილები.

სევდანარევი ღიმილი აკრძალულ ამბებზე. 
და კარებს მიღმა გაშლილ ფრთებზე.


I know myself
And thinking doesn't work
To heal myself
And easiness, no I
Don't know what that's about
So I go out

დღეები ზანდუკიდან




Wednesday, June 17, 2020

ქარონად ყოფნისას


   თურმე ძალიან რთულია, ილაპარაკო სიკვდილზე.
   გადმოსცე ისე, როგორც შენ ეხები, ფიქრობ, აანალიზებ, აღიქვამ, გრძნობ.
   რთულია მარტივად აღქმადი სახელი დაარქვა, რომელიც როგორც შენში, ასევე სხვებში ამ მოვლენას ისე გამოძერწავს, რომ არ დატოვებს არანაირ გასაძრომ ჭუჭრუტანას. 

   რაც უფრო ხშირად მაქვს შეხება ადამიანების სიკვდილთან, მით უფრო ტექნიკური ხდება პროცესი.
   რეგრესი
   მცდელობები
   წამლებით შენარჩუნებული წუთმოცულობები
   აპარატებით გახანგრძლივებული სუნთქვები
   უტოპიური ხაზები მონიტორზე
   ეკრანს მიჩერება და ხმების სმენა იმედით, რომ საგანგაშო წრიპინებს არ გაიგონებ.
   ერთიდაიგივე შინაარსის აზრები თავში, რომელსაც კრიჭაშეკრული აჟღერებ უხმოდ
   ...შეინარჩუნე...
   ...შეძელიმანდმაინცგაჩერდე...
   ...იბრძოლე...
   ...არგააჩეროგულისფეთქვა...
   ...არდანებდე...

   ჯ ა ნ დ ა ბ ა!!!

   სიკვდილისშემდგომი რუტინული ბიოლოგიური პროცედურები.
   სტერილურხალათგადაფარებული მორიგი პაციენტით ლიფტში მორგამდე, რომლის ფერშეცვლილ სახესა და კიდურებზე შეხედვის აღარ გეშინია.
   პაციენტით, რომელსაც დღეების განმავლობაში უვლიდი, საათობრივად აჭმევდი, გვერდზე აბრუნებდი რომ ნაწოლები არ გასჩენოდა, ბანდი, სუნთქვებს უკონტროლებდი, წამლებს უკეთებდი და ასე შემდეგ. რაც გევალება და შეგიძლია...

  ლიფტში დგომისას, როდესაც უზარმაზარი სარკე გვირეკლავს ჩვენ სამს: მიცვალებულს და 2 ექთანს, წარმოდგენა არ მაქვს სად წავიღო მზერა ან რა ვთქვა.. 
   ან რამე უნდა ვთქვა თუ არა.. 
   ფიქრებიც კი რაღაცნაირი სლიკინა ხდებიან და სხლტებიან. 
   ყველანაირი აზრი ზედმეტი, უხერხული და უადგილოა...
   
   და მოპირდაპირე კედელს მიჩერებულს მიჩნდება კითხვა: ნეტავ, რას გრძნობს ქარონი სტიქსში ცურვისას???

    

By  PiGeOn


   

Wednesday, April 15, 2020

აორთქლებები


   https://www.youtube.com/watch?v=8ZfWMQOiroo

   სახლები, სადაც გარკვეული პერიოდების განმავლობაში ჩვენი მისვლა ახარებდათ.
   სახლები, რომლის კარებსაც თბილი ღიმილით გვიღებდნენ და სიხარულით გვიხუტებდნენ გულწრფელად.
   სახლები, რომელთა გასაღებებიც კი გვქონდა ხშირად. სხვების სახლების.
   სახლები, რომლებიც უამრავ ისტორიას იტევს..
   ბედნიერ წამებს
   მოყოლილ ამბებს
   უსაზღვრო სიცილებს
   მშვიდ და ჩვეულებრივ საღამოებს
   მომავლის გეგმებს
   ტრადიციულ შეხვედრებს
   სპონტანურ გადაწყვეტილებებს
   და ასე შემდეგ... უსასრულოდ. .

   სახლები, რომლებიც გვეიმედებოდნენ და არასოდეს იქნებიან რიგითები, მაგრამ კარებს აღარავინ გაგვიღებს
   არც ზარს დავრეკავთ
   არც ზღურბლთან მივალთ...

   გზად ჩავლილ მეგობრის სახლთან ალუბლები და იუდას ხეები ყვავიან.

Monday, January 20, 2020

elm iirs ta'h


   3...2...1...

   ტბები ხომ ყოველწელს იყინებიან..
   შესაძლებლობებისგან განსხვავებით, ჩვენი წარმოსხვები ხომ დაუსაზღვრავია...
 
   ერთხელაც, როდესაც ირგვლივ გარინდებულ სითეთრეს მხოლოდ ტობავარჩხილების სიმწვანე და სილურჯე გაჰკვეთს..
   ისალმების ქვიდან ფრთხილად ჩავსრიალდები ციგურებითა და ფარატინა კაბით  ცაშკიბულის ზედაპირზე.. წყლის დედის თეთრი, გრძელი თმებით..
 
   0'35.. მთავარ მოტივს აყოლილი თითოეულ მონასმი ტბის ზედაპირზე მთვარით გაყინულ ნაკვალევს დატოვებს.. უამრავ ურთიერთგადამკვეთ ხაზად.. ჩუმი ჭახანის აკომპანიმენტით..

   გარდამავალი ნაწილი.. სულ რაღაც ერთნახევარი ქედი ჭითაგვალამდე.. ფიქრის ბილიკით..

   1'21.. ჩელოს თითოეულ ბგერას წყლისქვეშიდან აყოლილი უცნაური მოლურჯო არსება..

   1'52.. წელიწადის დროების მართვის უნარი და.. გაყინული ტბის ნაპირებზე აყვავილებული ზაფხულის ყვავილები..

   2'37.. ორკესტრის სრული ხმიანობით გამოცემული ვიბრაციით არდაგორებული არცერთი კენჭი.. ბოლო მონასმები ზედაპირზე და.. ფრენა ჩანჩქერისკენ.. ახალშეძენილი უნარით - ფრენის უნარით!

   ,,მთელი თქვენი სხეული ერთი ფრთის წვერიდან მეორე ფრთის წვერამდე სხვა არაფერია, თუ არა თქვენივე აზრის ხორცშშესხმა... გაწყვიტეთ აზრის ჯაჭვი და ამით სხეულის ჯაჭვსაც გაწყვეტთ..."



   ,,elm irrs ta'h ასე გერქმევა
   რომ მოკვდები ტბა გაიყინება."



    

Tuesday, December 24, 2019

ნალექები


   ვიგებთ უმძიმეს ამბებს.
   ვშეშდებით.
   ვტირით.
   ვბრაზდებით. 
   ვმწარდებით.
   ვმოქმედებთ.
   ვვანდალობთ.
   ვაზიანებთ.
   ვზიანდებით.
   ვერ ვსუნთქავთ.

   გაივლის რამდენიმე დღე და ბუნებრივია, თავის რიტმში ჯდება ცხოვრება.
   სხვების ცხოვრება. ვისაც უშუალოდ არ შეგვეხო მძიმე ამბები.
   დღეები ისევ ჩვეულ დღეებს ემსგავსებიან.
   ხალხი ისევ ისე დადის ქუჩებში. უღიმილოდ.
   სისხლიანი შენობები ისევ დგანან თავიანთ ადგილებზე. ჩამოქუფრულები.
   არც არავის დაუწვავს. არც არავის აუფეთქებია.
   ვერ გავბედეთ.
   სათანადოდ ვერ გავბრაზდით.
   იქნებ, იმიტომ, ჩვენი შვილები რომ არ კვდებიან?!

 

გუტილა სერჯიო - ეს რომ შენი შვილი იყოს

(მაშველის ლოდინში დამხრჩვალ მიგრანტებს)

ეს რომ შენი შვილი იყოს,
ზღვას გემებით აავსებდი,
ნებისმიერდროშიანებით.

ისურვებდი, რომ 
მილიონობით ადამიანს,
ერთად, მისთვის ხიდი აგვეგო
და ზედ გამოგვეტარებინა.

მუდამ მზრუნველი -
არასოდეს მიატოვებდი,
მოუჩრდილავდი,
რომ არ დაწვოდა მზისგან თვალები
და ზღვის მლაშე 
შხეფებისგან დაიფარავდი.

ეს რომ შენი შვილი იყოს, წყალში გადავარდებოდი,
მოკლავდი მეთევზეს, რომელიც ნავს არ გათხოვებდა.
ღრიალს მორთავდი
გადარაზულ მთავრობის კართან,
დახმარების სათხოვნელად,
სიცოცხლის სათხოვნელად.

ეს რომ შენი შვილი იყოს, ძაძებში იქნებოდი,
შეგეზიზღებოდა მსოფლიო, შეგეზიზღებოდა პორტები
უამრავი უძრავი ხომალდით.
შეგეზიზღებოდა ისინი, ვინც მათ ხელმიუწვდომელს ხდის
და ვის გამოც, ღრიალს
ზღვის მლაშე გემო ახლავს ყოველთვის.

ეს რომ შენი შვილი იყოს, მათ უწოდებდი
ლაჩარ არაადამიანებს, რადგან ასეთები არიან ისინი.
დაგიჭერდნენ, დაგამწყვდევდნენ, დაგამუნჯებდნენ,
შენ კი სურვილი გექნებოდა, დაგელეწა მათთვის სიფათი,
რადგან ყველანი ერთ ზღვაში ვცურავთ.

მაგრამ ნუ წუხხარ! შენ თბილ სახლში ხარ
და ეს შენი შვილი არ არის! შენი არ არის!
შეგიძლია, მშვიდად იძინო
და არ იდარდო, რაც მთავარია -
ეს ხომ შენი შვილი არ არის!

ეს შვილია გზააბნეულ კაცობრიობის,
ჭუჭყიანი კაცობრიობის, არავინ რომ არაფრად აგდებს.

იძინე ტკბილად, გულდამშვიდებით.
შენი არ არის.

    (თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე)


   ცაში ახედვისას ყველგან მაღალსართულიანი შენობებია...
   ვუყურებ და ასე მგონია ყველა 9-სართულიანია და ყველგან გადმოფრენილი ბავშვების სულები დგანან. 
   სულები, რომელთაც ბინა დაიდეს ჩვენს ყველა ტიპის ცნობიერში და სამუდამოდ ჩაილექნენ ჩვენში.
   რადგანაც პასუხს ვაგებდით...
   და ვერ გავუფრთხილდით..


   
 
 
   

Monday, December 2, 2019

 
   რისთვის არიან სამყაროები, თუკი ვერ ვწვდებით?
   რისთვის არიან პლანეტები, თუკი ვერ ვურთიერთობთ?
   რისთვის არიან განზომილებები, თუკი არ ვიკვეთებით?
   რისთვის არიან ვარსკვლავები, თუკი გარდაიცვალნენ?


   რისთვის არიან ჭეშმარიტებები, თუკი სხლტებიან?
   რისთვის არიან ღირებულებები, თუკი ართულებს?
   რისთვის არიან პრინციპები, თუკი გვზღუდავენ?
   რისთვის არის თავისუფლება, თუკი დავსაზღვრეთ?


   რისთვის დავდივართ გზებზე, თუკი ყველა გზა გავლილია?
   რისთვის ვბრუნდებით სახლებში, თუკი ჩიტები არ ვართ?
   რისთვის არსებობენ მეგობრები, თუკი ქარტეხილების წინ მარტონი ვდგავართ?
   რისთვის გვიყვარს ადამიანები, თუკი არასდროს ვამბობთ ამას?


   რატომ ცვივიან ფოთლები ზამთრისპირულზე?
   - კანონზომიერებაა.


Thursday, October 31, 2019

ჰუ ემ აი


   ჩემმა მეგობარმა მარადიული კითხვა დაიტანა საკუთარ კანზე... ვინ ვარ მეო...
   დავფიქრდი მეც.
   ერთი ამოსუნთქვით რაც მახსენდება, ესაა


   ჩემი მეგობარი მარიამი არის:
   ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს
   ადამიანი, რომლის გახსენებისას მეღიმება და კარგი რამეები მახსენდება
   ადამიანი, რომელიც უამრავ უკარგეს დიალოგს მახსენებს
   ადამიანი, რომელიც ბილიკია ჭაუხისკენ, ჩამობურულზე და გაზიარებული საერთო განწყობა
   ადამიანი - თვითმფრინავის იმიტაცია ჩვენი ჩრდილებით შუაფხოს გზებზე
   ადამიანი, რომელიც აუცილებლად მახსენდება, როდესაც ძალიან მიჭირს
   ადამიანი, რომელთანაც მინდა ხოლმე ლაპარაკი, როცა ძალიან დაღლილი ვარ ყოველდღიურობით და ძირითადად ვაღვიძებ ხოლმე შუადღისას რომ ვურეკავ
   ადამიანი, რომელთანაც იდიოტური იუმორიც კი თანხვედრაში მაქვს
   ადამიანი, რომელიც ძირითადად ზუსტად ხვდება ხოლმე, როდის ვარ ისე დაღლილი, რომ აქვს უფლება ყველაფერი ჩემს ნაცვლად აკეთოს
   ადამიანი, რომელთან ერთადაც დიდი ხანი მინდა ვიარო ცხოვრების გზაზე გვერდით
   ადამიანი, რომელიც ჩემი შეგნებული ცხოვრების მეგზურია და მასთან ერთად ვიცვალე ფერიც, ზნეც და ხასიათიც და ეს მიღბული აქვს
   ადამიანი, რომელიც ზოგჯერ ნერვებს მიშლის, მაგრამ არც ისე, რომ ვერ ველაპარაკო
   ადამიანი, რომელიც ძალიან ემოციური და ემპათიურია, მაგრამ ამას მალავს. სხვების არ იყოს
   ადამიანი, რომელსაც საშინლად უყვარს კამათი სხვადასხვა საკითხებზე და დიდად არ სჯერა, რომ ჭეშმარიტება კამათში იბადება, მაგრამ ფიქრობს, რომ უამისოდ ვერაფრით მოვა
   ადამიანი, რომელსაც ხშირად უცრუვდება იმედები აწმყოზე და ხელს იქნევს, მაგრამ მერე მალევე ისევ ღელავს ყველაფერზე ჩვეული გატაცებით
   ადამიანი, რომელსაც ზოგჯერ ავიწყდება, როგორი იყო და საიდან მოდის... როგორც ყველას
   ადამიანი, რომელიც სეზონურად დეპრესიულია და დეკემბერ-აგვისტოში ამაზე ხუმრობა მოსულა
   ადამიანი, რომელიც ჩემი ყველაზე ბედნიერი ყოფნების (მთასა და ბარში) მოზიარეა
   ადამიანი,რომელიც სულ მინდა იყოს და მჯერა, რომ სულ იქნება

   ჩემი მეგობარი მარიამი.


https://www.youtube.com/watch?v=xYxY_P8Vn3k







Sunday, September 29, 2019

19-28


   წლების წინ, მე და ქეთი, სტატისტიკის ლექციამდე, ახალგათენებულზე, ვაჟაზე, ვიდექით ერთ-ერთი მაღაზიის წინ, რომელსაც ჰქონდა უზარმაზარი პოსტერი: სამთო ბათინკებითა და ზურგჩანთით სადღაც მზიან კლდეზე მიმავალი რიგითი მოგზაური.

   დაპირება, რომ აუცილებლად ვიმოგზაურებდით ბევრს საქართველოში, რომ მოვივლიდით მთებსა და ბარებს, მდინარეებსა და ტბებს, რომ არ დავტოვებდით არცერთ ბილიკს ფეხდაუდგმელს :))

   ალპური კლუბი, ჯოკონდა, დულარა და გუგა
   ბოტანიკურის ,,სკალადრომი" და გეზი
   ყინწვისით დაწყებული მთელი ეპოპეა
   ჩვენ ცხრანი :))
   ტობავარჩხილი... თუშური შვიდკაცა და ჯონისთან გადაყრები
 
   მოვლენები ჯაჭვებად წლევანდელ ზაფხულამდე...
   ზაფხულამდე, როდესაც 3 თვეში მოვლილ ადგილებს ვუყურებ და მიჭირს დაჯერება...
   ვუყურებ და ვხვდები, რომ შეუძლებელი არაფერია.
   მთავარია სურვილი და მონდომება!

   აბული
   თუშეთი-აწუნთა-ხევსურეთი
   ტობავარჩხილი
   ყელიწადი
   მყინვარწვერის მეტეოსადგური
   სვანეთის კლასიკა
   ჯუთა-თრუსო და სხვა სწორრელიეფური წვრილმანები :))

   და ყველაზე მთავარი: რიგითი ადამიანები ყველა რეგიონში - სახლის შეგრძნებით.

   ,,ემილი, შვილო, მოხვედი?? ასეთი პატარა გოგო რომ მთებში ამდენ ხალხს ატარებს... შენ დაჯექი, დედა, მე მივხედავ ყველაფერს..." - ლელა ძალო, შატილი
   ,,ემილიკო, ყავას მოგიდუღებ ახლავე და დავსხდეთ, რა, ცოტა ხნით ეზოში... სანამ შენები დალაგდებიან" - შორენა, უშგული
   ,,ემილიტო, რამე ხომ არ გჭირდება?" - მერაბი, მესტია
   ,,ემილი, 15 წუთით ადრე დამირეკე, სანამ მოხვალთ, ცივ საზამთროს დავჭრი შენთვის და დაგახვედრებ..." - მაია, აწყური
   ,,ემი, მეცხვარულ კატაის ლეკვ მინდ და ხო არ გეგულების?" - დათო, ყაზბეგი
   ,,ემჯან, როდის ჩამოხვალ ჩვენთან?" - სედა, დილიფი
   ,,ემილ, სკან მულაშა ბრელ მუთუნ ვამსხუნუნა..." - მორგოშიები, ჯიქირის კარე
   ,,ემა, შენ იმ შენობაში არა, ჩემთან დაგაძინებ, ზედა ოთახში..." - დიანა, ყაზბეგი
   
     
   და ასე შემდეგ...

   

Thursday, August 15, 2019

....როდესაც გინდა, დაიცადო


   https://www.youtube.com/watch?v=UeuvegBZFuM

   იმ ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი.
   მგონი.
   მაგრამ ახლა თუ რამე მინდა, ეს სიჩუმეა. უფრო სწორად, მეტი არაფრის ენერგია არ მაქვს ახლა. იცი შენ რატომაც.
   ზოგჯერ მეც შემიძლია, დავიღალო.

   ჩვენ ვილაპარაკებთ აუცილებლად.
   ჩვენს ღამეულ ბაღებში.
   ჩვენებურად
   როდესაც დრო კარგავს მნიშვნელობას და ვმსჯელობთ უსასრულოდ, ყველაფერზე..    როგორ მიყვარს ჩვენი ეგ შეხვედრები.

   გუშინ კასიოპეას და დიდ დათვს ვუყურებდი ერთდროულად, ჭაუხებიდან. ამ დროს ახლო-ახლოს არიან ხოლმე ჩრდილო-აღმოსავლეთით. და გამახსენდა შენი ნაჩუქარი სახლი - სახურავზე ჩემი თანავარსკვლავედით. წარმოვიდგინე, რომ ხელის გულზე მედო.
   მადლობა იმ სახლისთვის, კიდევ ერთხელ და უამრავჯერ.



   ,,თუნდაც იმისთვის, რომ არ იყოს შუასივრცეში ბნელი ადგილები,
სადაც ვირუსები მრავდლებიან.
   არ გამრავლდებიან. 
   ვერ.



   

   

Wednesday, July 3, 2019

სახლი-ფანტომი

   https://www.youtube.com/watch?v=8VDyH9g_uOc


   ბისოს მისადგომებთან ჩემი ოცნების სახლი დგას.
   ფერდს გადაღმა.
   ტყის დასაწყისთან.

   რამენიმე წუთით ქვემოთ ალპურ ზონამდე.
   თავისთვის. ხეებში.
   ჩამავალი მზით გამთბარი.
   არავინ ცხოვრობს.
   რანაირად იცხოვრებს - იქ ხომ მე უნდა ვიცხოვრო.
 
   დგას ბისოს ჩემი სახლი და ზუსტად ვიცი, ჩემამდე არც არავინ შეცხოვრდება.

   ჩემი სახლი წარსულიდან  მომავალში, აწმყოს გავლის გარეშე.
   ადრინდელი მე რომ ოცნებობდა ხევსურეთში ცხოვრებაზე. აუცილებლად ალპურ ზონაში, მეტ სიჩუმეში.
   დიდი ხნით მივიწყებულ ოცნებას რომ ცივ წყალს გადაასხამ ისეთი მომენტი იყო იმ სახლის დანახვა. ჩამავალ მზეში იდგა თავისთვს, ტყით და წყლით.

   ჩემი სახლი ბისოში.

Tuesday, March 19, 2019

甘え


   ოთხი წელია
   ჩვენს მაჯებზე ფეთქავს
   ამაე.

 


   


Sunday, February 10, 2019

როგორც გზა ,,შენეული" მთისკენ


https://www.youtube.com/watch?v=MSPEgCFGjuA&t=6s

ის ვინც შენში სუნთქვას აგრძელებს
ის ვინც ძილში იღვიძებს ღამით
ის ვინც ბოლოსთვის ინახავს სათქმელს
ის ვინც არასდროს აქ არ არის
ის ვინც არავის ჩამოიტოვებს
ის ვინც აფრთხილებს წვიმას, ამინდს
ის ვინც ჩვენში აერთებს მორევს
მომავალს წარსულში გადატანილს
ის ვინც ბარში ათენებს ღამეს
რადგან არსად არააქვს სახლი
ის ვინც არასდროს ამტვრევს კარებს
გააღებს და ჩუმად გადის
ის ვინც ზემოდან მოწვეთავს ჩუმად
თითქოს არ არსებობდეს სიტყვა ღირსი
ვინც შუა ზღვაში აუღელვებლად ცურავს
რადგან ... ვეღარსად მიდის.

ის ვინც სწორედ მაშინ გაძლევს იმედის
როცა დაღლილი ეცემი ჩიხში
ის ვინც ყოველთვის სიმშვიდით გიმზერს
რადგან ადგები მაინც იცის
ის ვინც არავის წინააღმდეგ იბრძვის
და არასდროს არავის ირჩევს
ის ვინც მხოლოდ შენთვის დაიცდის
როგორც გზა... შენეული მთისკენ.

 


მუსიკოსები მსგავსი ხედვებით...
ის, ვინც...


Sunday, January 20, 2019

Monday, January 7, 2019

ფლეშბექი - ჩვენი მოგონებების სახლი


   სიზმარივითაა ფლეშბექი. ემოციურად საწყის წერტილს ვერ ვიხსენებ. თითქოს სულ იყო.
   სიზმარივით - რაღაც მომენტიდან რომ იწყებ აღქმას, მაგრამ ამ ,,რაღაც მომენტს" ვერაფრით იხელთებ...

   სტანდარტულად რომ მივყვეთ, ყველაფერი დაიწყო ერთ ცივ ზამთარ-გაზაფხულის გასაყარზე, როდესაც ჯავახეთიდან ჩამოვედი და მარისთან და თაისთან ერთად ქიაჩელის პარკში ვისხედით.. და შემდეგი მთელი 5 წელი.. ჩვენი ზრდის, ცვლილებების, ქარტეხილების, ბედნიერებების, ყველაზე ძვირფასი და მწარე მომენტების მთელი ხუთი წელი..
   მაგრამ, არა.. რამდენჯერაც გამეფიქრა, რომ დაიხურა, რომ ფლეშბექი აღარ იქნება, თითქოს დაცვის მექანიზმი მერთვება და მოდის კადრი.. ადრე გაზაფხულია. ათონელის ფლეშბექში ვდგავარ ბართან ახლოს, სკამები ალაგებულია, კარი შეღებული და გარედან შემოსული სხივები გამჭვირვალე, აღქმად, თბილ ფარდას ქმნიან. ვდგავარ და არ ვინძრევი, რადგან დიდი, მელანქოლიური ზამთრის შემდეგ პირველი სხივებია, ასე რომ გვიყვარს მე და მარის და მთელი თებერვალი ველოდებოდით, როდის ჩამოაღწევდნენ სხივები ბოლო საფეხურებამდე, კარამდე და პირველ მაგიდამდე.. შოპენის ეტიუდით გაფორმებულ მაგიდამდე.. მე არ ვინძრევი და სხივების ფარდაში უსწრაფესად იცვლებიან კადრები:
   ლეგენდარული თუშეთის დაგეგმვა
   სტაფილომენ თაზოს ჩამოსვლა და ბეეევრი სმები - ,,თამადა"
   უნოს თამაში დაუსრულებლად, მარჯვნივ, მთის მაგიდასთან
   ლუკას ლაივები. ლუკას და ჩემი ლაივები :))
   პეპის ირაკლის გაცნობის ღამე
   მე და პეპი ფეხზე რომ ვდგავართ ბართან ახლოს, ლუდებით ხელში და დერეკზე ვლაპარაკობთ დაუსრულებლად :))
   გრეის საუნდტრეკის მოსმენა უუამრავჯერ, მხოლოდ ახლო წრეში...
   მოლის მოყოლილი ამბები და ჩვენი რეაქცია
   წვიმიანი შემოდგომები და ატალახებული საფეხურები, რომლის მიღმაც სულ გხვდებოდა ღიმილიანი მეგობარი - რომელიმე მაინც :)
   რემი.
   ჰელოუინები და ახალი წლები.
   საუბრები.. დაუსრულებელი კამათი და მსჯელობები ათას რამეზე.
   აქციების შემდეგ ცხელ ჩაიზე ჩასვლები
   ბლანკის კონსპირაცია :))
   იას ჩამოვარდნები
   1-ლი რემონტი.
   მე-2 რემონტი.
   მე-3 რემონტი.
   უსასრულო რემონტები :))
   ათონელის სამზარეულოს დალაგებები და ,,ჩვენიცალკესივრცეგვექნება", რომელიც არასოდეს ძლებდა 2 დღეზე მეტ ხანს :))
   სტაფის ცვლილებები და ახალ-ახალი ადამიანები, ზოგი კენკრისებრთა ოჯახიდან, ზოგიც უჟმურისებრთადან.
   ერთგული კლიენტები და დაზეპირებული შეკვეთები
   ჩემი და თაის ერთობლივი მუშაობების ბოლო, მშვიდი წუთები.  დაკეტილი ბარი და ტრადიციადქცეული ბოლოღერიგავაბოლოთ. 
   უკიდეგანო დათრობები და ასევე დაუსრულებელი მსჯელობები
   ანიას მაისურების მოხატვის მთელი შემოქმედებითი პროცესი
   ყველა ლაშქრობის წინ საორგანიზაციო შევხედრები - ყაყანში გალეული საათები, რა უნდა წაგვეღო და რას არ ვიყენებდით არასდროს და დავათრევდით მაინც :)


   ვაჩნაძეზე აბარგება და რეიტუზიანი, ანჩხლი, მოხუცი ბებო.
   პატრულები.
   ნეპალში წასვლა.

   ბოშური მოგზაურობა ბაქრაძესა და მაჩაბელზე..
   აქ მოსაყოლი ბევრი არაფერი..

   ფლეშბექი.. ათონელის 19.
   შეგნებული ცხოვრების მოგონებების უზარმაზარი ნაწილი...

   https://www.youtube.com/watch?v=iYYRH4apXDo

   10...9...8...7...6...5...4...3...2...1...
   LIFT OFF, dear Flashback!